კვარაცხელია „მალიორკასთანაც“ გამორჩეული იყო - „ნაპოლიმ“ ესპანელებთანაც ფრე ითამაშა #1YVSPORT
კვარაცხელია „მალიორკასთანაც“ გამორჩეული იყო - „ნაპოლიმ“ ესპანელებთანაც ფრე ითამაშა #1YVSPORT

კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ კასტელ დი სანგროში მიმდინარე შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა ესპანურ „მალიორკასთან“ გამართა, ხვიჩა კვარაცხელია კი ძირითად შემადგენლობაში იყო, აქტიურობით გამოირჩეოდა და თამაშს ამწვავებდა.

კვარა! კვარა! კვარა“, – ქართველი თავდამსხმელის გვარი ძალიან ხშირად ისმოდა მატჩის რეპორტაჟის დროს. კვარაცხელიას ესპანური ლა ლიგის გუნდთან მატჩის მე-5 წუთზე მცველი ეუხეშა და ქართველის სწრაფი რეიდი მხოლოდ ასე შეაჩერა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი აღმოჩნდა და ხვიჩა მოედანზე დაბრუნდა.

მე-9 წუთზე არბიტრმა „მალიორკას“ მცველზე ესპანელთა საჯარიმოში წესის დარღვევა დააფიქსირა და ვიკტორ ოსიმენმა პენალტით ანგარიში გახსნა. მე-11 წუთზე ხვიჩამ შორეული გადაცემით ოსიმენი ისევ მეკარესთან პირისპირ ტოვებდა, მაგრამ მან ბურთი ვერ დაიმორჩილა და ვითარება განიმუხტა.

მე-15 წუთზე ხვიჩამ კიდევ ერთხელ გაამწვავა და არაფრიდან მომენტი შექმნა – საჯარიმოში მცველებს თავბრუ დაახვია და კარში დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა და კარგად დაწყებული ანალოგიურად ვერ დააგვირგვინა.

37-ე წუთზე „მალიორკას“ მეკარე ორთაბრძოლისას კარიდან გამოვიდა, აუტის მოწოდებისას კი უკან დაბრუნება ვერ მოახერხა და კვარაცხელიამ 40 მეტრიდან სცადა ცარიელ კარში გატანა, მაგრამ მიზანს სანტიმეტრებში ააცილა.

შესვენებამდე კვარაცხელია ესპანელთა დაცვას ყველაზე მეტად ანერვიულებდა და შეტევებს ყველაზე მეტად ამწვავებდა. მაგრამ მეორე ტაიმში მცველები ყურადღებით ეთამაშებოდნენ და დაღლაც დაეტყო. 55-ე წუთზე კი ანტონიო რაილომ წონასწორობა აღადგინა.

ამის შემდეგ ხვიჩამ „ნაპოლის“ დაწინაურება საჯარიმო დარტყმიდან სცადა, მაგრამ ბურთი „ცოცხალ კედელს“ მოარტყა, 75-ე წუთზე კი ლუჩანო სპალეტიმ ქართველი თავდამსხმელი ალჟირელი ადამ უნასით შეცვალა. მნიშვნელოვანი დეტალია – ამის შემდეგ „ნაპოლიმ“ მწვავე შეტევა ვეღარ განახორციელა.

საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა. ნეაპოლიტანური გუნდი შემდეგ საკონტროლო მატჩებს „ჟირონასთან“ და „ესპანიოლთან“ გამართავს.