კვარაცხელია ივნისში ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებს - უთამაშებელი ხვიჩა რისკს აარიდეს #1TVSPORT
კვარაცხელია ივნისში ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებს - უთამაშებელი ხვიჩა რისკს აარიდეს #1TVSPORT

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ივნისის ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებდა, საქართველოს პირველ არხს ფეხბურთელის ოჯახმა დაუდასტურა.

საქმე ისაა, რომ 18 აპრილს რუსეთის ჩემპიონატში დაშავებული ქართველი თავდამსხმელი ჯერ კიდევ რეაბილიტაციას გადის. ხვიჩა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა, მაგრამ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, რადგან ჯერ სათამაშოდ მზად არაა.

ამის გამო ხვიჩა კვარაცხელიას 27 მაისს ეროვნული გუდის შეკრებაზე ინდივიდუალურადაც არ უვარჯიშია. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ 20 წლის თავდამსხმელი ნაკრებს რუმინეთთან და ნიდერლანდებთან ამხანაგურ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

როგორც გვითხრეს, ჯერ ხვიჩა სათამაშოდ და დატვირთვებისთვის მზად არაა, რაც შეკრებაზე გამოჩნდა და ნაკრების ხელმძღვანელობამ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო – მოთამაშის ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ რისკს აარიდეს. ხვიჩა ერთ თვეზე მეტი ხანია, რაც უთამაშებელია.

საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გასვლაზე გამართავს – 2 ივნისს რუმინეთს პლოეშტში ესტუმრება, ხოლო 6 ივნისს – ნიდერლანდებს ენსხედეში შეხვდება. ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.