ყაზანის „რუბინი“ სანაკრებო პაუზის შემდეგ რუსეთის ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადება. გუნდთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაც საერთო ჯგუფში ვარჯიშობს და როგორ ჩანს, სათამაშოდ მზადაა.
სამწუხაროდ, სექტემბრის მატჩებში 20 წლის ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარა. 28 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ვილი სანიოლის წინასწარ შედგენილ სიას ყაზანის „რუბინის“ შემტევი გამოაკლდა – ხვიჩა კვარაცხელია სექტემბერში გასამართ ოფიციალურ და ამხანაგურ შეხვედრებში ეროვნულ გუნდს კლუბში მიღებული ტრავმის გამო ვერ დაეხმარებოდა.
ცხადია, ამან ნაკრებზე გავლენა მოახდინა. საბედნიეროდ, ხვიჩას ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და 8 სექტემბერს „რუბინის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტორეპორტაჟიდან გაირკვა, რომ კვარაცხელია და გუნდის კიდევ ერთი ლიდერი, ჯორჯ დესპოტოვიჩი სხვებთან ერთად ვარჯიშობდნენ.
სავარაუდოდ, ხვიჩა კვარაცხელია მოედანს რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში დაბრუნდება – „რუბინი“ ყაზანის ცენტრალურ სტადიონზე ეკატერინბურგის „ურალს“ 13 სექტემბერს უმასპინძლებს.