კვარაცხელია ევროპამაც შენიშნა - ხვიჩამ იტალიელებს ყიფიანი და ქართული საფეხბურთო სკოლა გაახსენა #1TVSPORT
„კვარაცხელია ევროპამაც შენიშნა“ – ამ სათაურით აქვეყნებს წერილს იტალიური გვერდი fanpage, რომლის ავტორმა, ბლოგერმა ჯუან სიკამ ლეგენდარული ქართველი პლეიმეიკერი გაიხსენა.
„შესანიშნავი ტექნიკის მქონე კვარაცხელია ღირსეული მემკვიდრეა იმ დიდი ქართული სკოლისა, რომელსაც ისეთი მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავდა, როგორიც დავით ყიფიანი იყო. ახლა ევროპამაც შეამჩნია კვარაცხელია: ის ყველა თამაშში ამაღელვებელია.
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში პირველ მატჩში კიდევ ერთხელ აჩვენა იტალიის ჩემპიონატში უკვე ნაჩვენები სასწაულები. ქართველი ფეხბურთელი არის ძლიერი, ტექნიკური, შესანიშნავი ხასიათით, შეუძლია გოლის გატანა და თანაგუნდელებისთვის საგოლე გადაცემის გაკეთება.
ფიზიკური მონაცემები, ტექნიკა, კლასი, გული, გამძლეობა, თამაშის ხედვა – შესანიშნავი აქვს. ანალიზის ყველა კლასიკური პარამეტრით სწორი არაა განსაჯო ფეხბურთელი ჩემპიონატის ხუთი და ჩემპიონთა ლიგის ერთი მატჩის შემდეგ, მაგრამ რთულია, არ მოიხიბლო ხვიჩა კვარაცხელიათი, არა მარტო „ნაპოლის“ ფანებისთვის.
კვარაცხელია დომინირებდა ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც ბოლო წლებში მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, ევროპის სუპერთასი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. ის დიდ პრობლემას უქმნიდა „ლივერპულის“ დაცვას, რომელსაც ვირჯილ ვან დაიკი მეთაურობდა.
კვარაცხელიაში ბევრი რამ გაოცებს. დაიბადა 2001 წლის 12 თებერვალს. არის შთამბეჭდავი პიროვნება, რომელიც ახარებს გუნდს და გულშემატკივრებს. კვარაცხელიას თამაშის ყურება ყოველი წამი აღფრთოვანებას იწვევს, რადგან ის თამაშობს მთელი ენერგიით, რაც მის სხეულშია, მუხრუჭების გარეშე, მეტოქეს საკუთარ თამაშს თავს ახვევს – ოსიმენს ძალიან ახლოს თუ დაუყენებთ, ეს ფეთქებადი კოქტეილია.
ამ ფეხბურთელს იტალიური ფეხბურთის ტრადიციული აღნაგობაც არ აქვს. „ნაპოლის“ და სერია A-ს ბევრი სხვა გუნდის გულშემატკივრები მიჩვეულები არიან გამხდარი ფლანგის ტექნიკურ მოთამაშეებს. კვარაცხელია 183 სმ სიმაღლის და 70 კგ-ზე მეტი წონის მოთამაშეა, ძლიერი, რომლის შეჩერება რთული საქმეა, როგორც ლივერპულელი ჯო გომესის შემთხვევაში.
ეს თვისებები კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მზა მოთამაშედ აქცევს. შესანიშნავი ტექნიკის მქონე ბიჭი ღირსეული მემკვიდრეა იმ დიდი ქართული სკოლისა, რომელსაც უნახავს მაღალი კლასის მოთამაშეები, როგორიცაა დავით ყიფიანი, თბილისის „დინამოს“ 70-იანი წლების ლეგენდა. კვარაცხელიას გამძლეობაც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რადგან ერთ საათამდე (სანამ თამაშობდა), მუდმივად გრძელ რეიდებს ახორციელებდა.
სიმეონესთვის გაკეთებული საგოლე გადაცემა მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე კარგი სავიზიტო ბარათია“, – წერს იტალიელი ბლოგერი.