კვარაცხელია ESPN-მა აღიარა - საფეხბურთო ცხოვრებაზე ხვიჩამ და ჰალანდმა ერთნაირი გავლენა იქონიეს #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი ხვიჩა კვარაცხელია ESPN-მა სეზონის მეორე საუკეთესო გარემარბად დაასახელა.
ყოველ წელს ამერიკული მაუწყებელი ESPN-ი ადგენს საფეხბურთო მსოფლიოს საუკეთესო ასეულს, სადაც ხვდებიან როგორც მწვრთნელები, ასევე მოთამაშეები ამპლუების მიხედვით. ამ სპეციალურ რეიტინგში „ნაპოლის“ ხუთი წარმომადგენელი შევიდა, მათ შორის არიან ლუჩანო სპალეტი და ხვიჩა კვარაცხელია.
„ის სეზონის აღმოჩენაა. კვარადონამ გასულ წელს საფეხბურთო ცხოვრებაზე ისეთივე გავლენა იქონია, როგორიც ჰალანდმა“, – წერია ამერიკული მაუწყებლის ვებგვერდზე.
ლუჩანო სპალეტი, რომელმაც „ნაპოლი“ უკვე დატოვა, გამოცემამ მწვრთნელთა საუკეთესო სამეულში დაასახელა პეპ გვარდიოლასა და კარლო ანჩელოტის შემდეგ.
სამხრეთ კორეელი კიმ მინ ჯე მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალურ მცველებს შორის მეათე ადგილზე გავიდა. „ნაპოლის“ კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო მეცხრეა მარჯვენა მცველებში. რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, თავდამსხმელებიდან მას მხოლოდ კარიმ ბენზემა და ჰარი კეინი ასწრებენ.
„ნაპოლიდან“ არჩეულ მოთამაშეებს შორის ყველაზე მაღალი პოზიცია ხვიჩა კვარაცხელიას უჭირავს. 22 წლის ქართველს რეიტინგში მხოლოდ ბუკაიო საკა აღემატება.