კვარაცხელია ესპანეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - „მარკას“ ვარაუდით, „რუბინს“ მის გამო მალე მიმართავენ #1TVSPORT
„დინამო-არენაზე“ ესპანეთის ნაკრებმა შედეგს მიაღწია. მაგრამ საამისოდ, დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ბრძოლის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდმა 2:1 მოუგო საქართველოს და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფში პირველი სამი ქულა მოიპოვა.
მაგრამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ Whoscored-მა არა გამარჯვებულის მოთამაშე, არამაედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიტიკის ავტორიტეტულმა საერთაშორისო პორტალმა ქართველ თავდამსხმელს 8,5 ქულა დაუწერა, რაც ასეთ შეხვედრაში წარმოუდგენლად მაღალი შეფასებაა.
„მატჩში, რომელიც „დინამო-არენაზე“ გაიმართა, ესპანეთს საქართველომ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ესპანელები აგებდნენ მას შემდეგ, როდესაც 43-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. მატჩის მოთამაშეა არა დანი ოლმო ან ჟორდი ალბა (რომელმაც ორი პასი გააკეთა) და ფერან ტორესი, არამედ – კვარაცხელია. გოლების გატანა არ არის ერთადერთი მოთხოვნა, რათა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარონ. Whoscored-ის ჩანაწერების საფუძველზე, კვარაცხელიამ მრავალნაირი წვლილი შეიტანა, მიუხედავად იმისა, რომ ის ფლანგის თავდამსხმელი იყო. Whoscored- მა მას 8.5 შეფასება დაუწერა. სტატისტიკის თანახმად, ქართველი ბურთს 133-ჯერ შეეხო და 107 პასიდან 91 ზუსტად გააკეთა. გარდა ამისა, კვარაცხელიამ კიდევ ოთხი საკვანძო პასი შეასრულა. მან ოთხი დრიბლინგის მცდელობიდან ოთხივე წარმატებით დაასრულა. შემდეგ კვარაცხელია დაეხმარა დაცვასაც, ექვსჯერ წარმატებულად შეუტია და სამჯერ გადაცემა ჩაჭრა. გასაკვირი არ არის, რომ კვარაცხელია მატჩის მოთამაშედ აღიარეს“, – წერს Bola.net.
კვარაცხელიას თამაშს ესპანური გამოცემა „მარკა“ გამოეხმაურა.
„თბილისში ესპანეთი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში გადარჩა, მაგრამ საბოლოოდ საქართველოს მოუგო. პირველ ტაიმში ლუის ენრიკეს ფეხბურთელებმა წააგეს და დიდი დისკომფორტი განიცადეს მას შემდეგ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში გახსნა. ამ მატჩის დაწყებამდე ქართველი თავდამსხმელი კვარაცხელია მისი ქვეყნისა და რუსეთის გარეთ არავინ იცოდა. 20 წლის თავდამსხმელმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ალბათ, მალე მის კლუბს, ყაზანის „რუბინს“ ქართველის სამსახურით დაინტერესებულები ყურადღებას მიაქცევენ“.