კვარაცხელია დიდი ფეხბურთელია, ოსიმენთან ერთად კარგად თამაშობს - „რეალის“ მწვრთნელმა „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავი შეაქო #1TVSPORT
ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიას მადრიდის „რეალში“ შესაძლო გადასვლაზე ხშირად საუბრობენ. ამ ფონზე „სამეფო კლუბის“ მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ „ნაპოლის“ ვარსკვლავი შეაქო და მას დიდი ფეხბურთელი უწოდა.
იტალიელი სპეციალისტი Sky Sport Italia-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე „ლივერპულთან“ საპასუხო მატჩის წინ ესაუბრა. მან გაიმეორა, რომ ვინისიუს ჯუნიორი ამ მომენტისთვის ევროპის ყველაზე საკვანძო მოთამაშეა.
„მილანისა“ და „ნაპოლის“ ყოფილ მწვრთნელს ასევე ჰკითხეს, რას ფიქრობს სერია A-ს მიმდინარე სეზონზე, განსაკუთრებით, „ნაპოლისა“ და მის ვარსკვლავურ თავდამსხმელებზე.
„კვარაცხელია დიდი ფეხბურთელია, „ნაპოლიში“ თამაში ძალიან კარგად წაუვიდა და ვიქტორ ოსიმენთან ერთად კარგად თამაშობს, ისინი ძალიან ეფექტურები არიან. იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაშობენ. მეოთხედფინალში, შესაძლოა, სამი კლუბი გავიდეს, რაც ევროპისთვის ძლიერი სიგნალი იქნება“, – განაცხადა ანჩელოტიმ.
კვარაცხელია „ნაპოლის“ გასულ ზაფხულს მხოლოდ 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მაგრამ უკვე მადრიდის „რეალში“ მის გადასვლაზე ხშირად წერენ. კვარაცხელიას ბავშვობის კერპმა, გუტიმ ცოტა ხნის წინ წაახალისა ქართველი ფეხბურთელი და ლა ლიგის გრანდში გადასვლა უსურვა.
22 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა, „სტადიო მარადონაზე“ კი, კონტრაქტით, 2027 წლის ივნისამდე დარჩება.