ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში დაშავდა და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა.
ხვიჩამ, რომელმაც ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებში ორი შეხვედრა ჩაატარა, ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაში გასვლაზე „კრასნოდართან” წაგებულ (1:3) მატჩში მოედანზე მხოლოდ 58-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ თამაშის ბოლოს დაშავდა და 89-ე წუთზე იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა.
„რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის არყოფნა გუნდს დაეტყო.
„რამდენად იმოქმედა კვარაცხელიას დაზიანებამ თამაშის ხარისხზე? ფაქტობრივად, მას დღეს არც უთამაშია და რა თქმა უნდა, ეს გუნდს დაეტყო“, – განაცხადა ლეონის სლუცკიმ.
„რუბინის“ ვებ-გვერდი კი წერს, რომ კვარაცხელია ნაკრებიდან დაზიანებით დაბრუნდა:
„ჩვენი გუნდის თავდასხმის მთავარი ფანტაზიორი, ხვიჩა კვარაცხელია, ნაკრებიდან ტრავმით ჩამოვიდა. ის მეორე ტაიმში გამოვიდა, მაგრამ ფუნქციონალური მდგომარეობა თამაშის საშუალებას არ აძლევდა“.
ჯერჯერობით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ მან მოედანი თავად დატოვა, ექიმების დახმარების გარეშე. მისი თქმით, სანაკრებო შეხვედრების დროს კოჭი ბელარუსის ნაკრების მცველმა ატკინა და ახლა მოედანი იმიტომ დატოვა, რომ გარისკვა არ სურდა. რაც მთავარია, ხვიჩას ტრავმა სერიოზული არაა და არ არის გამორიცხული, რუსეთის პრემიერლიგის შემდეგი ტურის მატჩი ითამაშოს.
ეს გვაიმედებს, რომ 19 წლის თავდამსხმელი მზად იქნება 12 ნოემბრის მატჩისთვის, როდესაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საგზურისთვის თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.