კვარაცხელია დაშავდა - ქართველს კუნთის პრობლემა აქვს #1TVSPORT
კვარაცხელია დაშავდა - ქართველს კუნთის პრობლემა აქვს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში დაშავდა და პირველივე ტაიმში იძულებით შეცვალეს. ეს პრემიერლიგის 26-ე ტურში მოხდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდი, ყაზანის „რუბინი“ ეკატერინბურგში „ურალს“ ესტუმრა. ხვიჩა კვარაცხელია სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი სახიფათო მომენტიც შექმნა. მეორე წუთზე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევარდა და დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.

სამწუხარო ამბავი კი 31-ე წუთზე შეემთხვა. ქართველი შემტევი მორიგ შეტევას იწყებდა, ბურთი გაიგდო, მაგრამ შეჩერდა, ფეხზე ტკივილისგან ხელი მოიკიდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ხვიჩა კუნთს იტკიებდა და 32-ე წუთზე ლეონიდ სლუცკიმ იძულებით შეცვალა.

როგორც გაირკვა, ხვიჩას კუნთი დაუზიანდა, მაგრამ ტრავმის სიმძიმე უცნობია – ანუ მან კუნთი მხოლოდ დაიზიანა თუ გაიწყვიტა. ფაქტია, რომ ტრავმების გამო თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. სავარაუდოდ, მან ბარძაყის უკანა კუნთი დაიჭიმა და იმედია, სერიოზული არაფერი სჭირს.