ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოს“ დაემშვიდობება და გაემგზავრება იტალიაში, სადაც „ნაპოლი“ ქართველ ლეგიონერს გულშემატკივრებსა და მედიას წარუდგენს – ინფორმაცია ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად დაადასტურა.
საქართველოს ნაკრებში ერთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის „დინამოში“ აღარ უთამაშია. ცნობილი გახდა, რომ 21 წლის თავდამსხმელს საქართველოს ჩემპიონი ოფიციალურად 29 ივნისს, „დინამო თბილისთან“ მატჩამდე დაემშვიდობება.
ეს ბოლნისის „სიონთან“ შეხვედრის შემდეგ ბათუმის სტადიონზე გამოაცხადეს და გულშემატკივარს მოუწოდეს, მივიდნენ სტადიონზე, რომ გუნდის უკვე ყოფილი ლიდერი სავსე ტრიბუნების წინაშე გააცილონ.
ამის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში გაემგზავრება, „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გააფორმებს და ფეხბურთელს პირველ ივლისს გულშემატკივრებსა და მედიას წარუდგენენ.
იტალიური გამოცემების ცნობით, ნეაპოლელებს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდათ. კვარაცხელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც იტალიის სერია „ა“-ში ითამაშებს.