კვარაცხელია ამოაგდოს და ზაფხულში ორივე ევროპაში წავა - უთამაშებელ რუს ფეხბურთელებს თამაშს ხვიჩას ხარჯზე ურჩევენ #1TVSPORT
ჯობია ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად ყაზანის „რუბინმა“ რომელიმე რუსი ფეხბურთელი აიყვანოს, – ასეთ რჩევას აძლევს რუსული ვებ-გვერდის „ფუტბოლ კულიჩკის“ ავტორი ყაზანური კლუბის ხელმძღვანელობას.
რუსეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფიდან გავიდა და პლეი ოფის ნახევარფინალში, საშინაო მოედანზე პოლონეთის ნაკრებს უმასპინძლებს. გამარჯვებული შვედეთისა და ჩეხეთის ნაკრებების ნახევარფინალურ მატჩში უძლიერესს დაუპირისპირდება.
თუ გუნდმა მოიგო და ყატარში გასამართ მუნდიალზე თამაშის უფლება მოიპოვა, ცხადია, ვალერი კარპინის გუნდისთვის მნიშვნელოვანი იქნება გუნდის ყველა ლიდერს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.
მაგრამ ერთ-ერთ მათგანს, ალეკსეი მირანჩუკს ბერგამოს „ატალანტაში“ იშვიათად ათამაშებენ. იტალიის სერია A-ში უკვე 13 ტური გაიმართა, მაგრამ რუსეთის ნაკრების ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშეს „ატალანტაში“ მხოლოდ 6 მატჩი აქვს გამართული, მათგან ძირითადში მხოლოდ 2 შეხვედრა დაიწყო.
ასევე სკამზე დასვეს გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი დენის ჩერიშევი – რუსი მარცხენაფლანგელს ხოსე ბოდალასმა „ვალენსიაში“ სეზონი დააწყებინა, მაგრამ მცირე ტრავმა მიიღო. ამ კონტექსტში ორივეს რუსეთში დაბრუნება ურჩიეს და სწორედ ამას მოაყოლა ავტორმა ჟურნალისტის ეთიკისთვის მიუღებელი რჩევა – ხვიჩა კვარაცხელიას მაინც ევროპაში წასვლა უნდა და რუსეთის ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, ყაზანელების შემადგენლობიდან ამოაგდონო.
„და რა სარგებლის მოტანა შეუძლია მირანჩუკს ნაკრებში, თუ ის „ატალანტაში“ მარადიული შემცვლელია? ხორვატიასთან კარპინმა სკამზე დასვა, კვიპროსის წინააღმდეგ გატანილი 6 გოლიდან მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ახლა საუბარია სერია A-ს კლუბში მის იჯარით გაშვებაზე – ეს სასურველია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მწვრთნელი მას ენდობა და ათამაშებს. რუსეთის პრემიერლიგაში კი მირანჩუკის დონე მაღალი დარჩება და ლიდერ გუნდებს გააძლიერებდა. იგივეა ჩერიშევის შემთხვევაშიც. „ვალენსია“ დენისს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს, ამიტომ მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება, მაგრამ თუ იჯარით არ წავა, არის ვარიანტი, რომ უბრალოდ ხოსე ბორდალასთან რეზერვში დაჯდეს, რადგან ის საკმაოდ კონსერვატიული მწვრთნელია და შემადგენლობას ადვილად არ ცვლის. სურს თამაში ესპანეთში გააგრძელოს? ეს მისი საქმეა, მაგრამ აზრი აქვს ზამთარში ახალ კლუბში გადასვლას, მოედანზე იშვიათად რომ შევიდეს, ფორმაში ჩადგეს და დამატებითი ასი ათასი ევრო მიიღოს? არ არის ვარიანტები ლა ლიგაში? დაბრუნდეს სამშობლოში, დაეხმაროს იგივე „რუბინს“, კვარაცხელია ამოაგდოს მარცხენა ფლანგიდან და ზაფხულში ორივე ევროპაში წავა“, – წერს „ფუტბოლ კულიჩკი“.