„კვარა - მესი“ - ამ შეძახილით დახვდნენ იტალიელები ქართველ თავდამსხმელს [ვიდეო] #1TVSPORT
„კვარა მესი“ – ასე შეეგება გულშემატკივარი დიმაროში შეკრებაზე ჩასულ ქართველ ფეხბურთელს, რომლის ამსახველ ვიდეომასალასაც იტალიური გამოცემა „კალჩომერკატო“ ავრცელებს.
„ნაპოლიმ“ სეზონისთვის მზადება ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე სამთო-საკურორტო ქალაქ დიმაროში დაიწყო, სადაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ შეკრება 19 ივლისამდე დაგეგმა. ახალი სეზონისთვის ხვიჩა თანაგუნდელებთან ერთად ემზადება.
„ნაპოლის“ შეკრება იწყება – კვარაცხელიას გულშემატკივარი მესის უწოდებს
„ნაპოლის“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და დიმარო-ფოლგარიდაში გაემგზავრნენ, სადაც გუნდი 19 ივლისამდე დარჩება. ჯგუფი სასტუმრო „როსატში“ 29-კაციანი დელეგაციით მივიდა, მაგრამ პირველ დღეს შეკრებაზე მხოლოდ ჩვიდმეტი მოთამაშე იმყოფება. გუნდში არიან ახალწვეულები – კვარაცხელია და ოლივეირა. ქართველმა დიდი მოწონება დაიმსახურა და გულშემატკივარმა მესი უწოდა. სპალეტიმაც დიდი სიყვარული მიიღო საზოგადოებისგან. დანარჩენი წევრები გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდებიან“, – წერს „კალჩო მერკატო“.
„ნაპოლი“ შეკრებაზე ორ მატჩს ჩაატარებს – 14 ივლისს გუნდი დაბალი ლიგის „ბასა ანაუნიას“ შეხვდება, ხოლო 17 ივლისი „პერუჯას“ დაუპირისპირდება.