ლევან კუტალიას „სეკცია ნეს ციონამ“ ლეუმით ლიგის გადასასვლელი ჯგუფის შეხვედრა „ბნეი იეჰუდას“ 2:1 მოუგო და ორი წლის შემდეგ ისრაელის საფეხბურთო ელიტაში დაბრუნდა.
ეს ლეუმით ლიგის ლიდერთა ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრა იყო, რომელიც ქართველი თავდამსხმელის გუნდმა გასვლაზე ჩაატარა, მაგრამ „სეკცია ნეს ციონა“ მხოლოდ საკუთარ შედეგზე არ იყო დამოკიდებული.
კუტალიას გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო პარალელურად მიმდინარე შეხვედრა „კაფრ ქასიმმას” მონაწილეობით, რომელსაც კფარ საბას „ჰაპოელთან“ გასვლაზე მართავდა. ამ ტურამდე „სეკცია ნეს ციონა“ მესამე ადგილზე იყო და მეტოქეს 2 ქულით ჩამორჩებოდა. თუმცა მისმა კონკურენტმა გასვლით მატჩში ქულები დაკარგა (1:1). საბოლოოდ, ორივე გუნდმა 61 ქულა დააგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე „სეკცია ნეს ციონა“ გავიდა და ლიგატ ჰაალის (ისრაელის უმაღლესი ლიგა) საგზური მოიპოვა.
ლევან კუტალიამ დასრულებულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა, ამ შედეგით კი გუნდში მეორე ადგილზე გავიდა.