კურტუამ გამოაცხადა, რომ არ დაბრუნდება ბელგიის ნაკრებში ტედესკოს მწვრთნელობისას #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამ განცხადება გააკეთა თავისი მომავლის შესახებ.
„მინდა, მივმართო ბელგიელ გულშემატკივრებს.
ვგრძნობ უდიდეს სიყვარულსა და სიამაყეს, როცა მინდორზე ჩემს ქვეყანას და, აგრეთვე, თითოეულ თქვენთაგანს წარმოვადგენ, ვინც მხარს უჭერთ ბელგიის ნაკრებს. ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმა – ეს პატივია. ყველაზე თამამ ოცნებებში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას 100-ზე მეტჯერ გავაკეთებდი.
სამწუხაროდ, მწვრთნელთან დაკავშირებული მოვლენებისა და ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, არ დავბრუნდე ბელგიის ნაკრებში მისი ხელმძღვანელობისას. ამ საკითხში მე ვიღებ საკუთარ თავზე ჩემს წილ პასუხისმგებლობას. როცა მომავლისკენ ვიყურები, ვხედავ, რომ მის მიმართ ჩემი ნულოვანი ნდობა ვერ შეუწყობდა ხელს გუნდში საჭირო ატმოსფეროს შენარჩუნებას. ფედერაცია, რომელთანაც რამდენჯერმე მქონდა მსჯელობა, იღებს ჩემს პოზიციას და მიზეზებს, რამაც მიმყვანა ასეთ მტკივნეულ, მაგრამ თანმიმდევრულ გადაწყვეტილებამდე. ვწუხვარ, რომ, შესაძლოა, იმედი გავუცრუე ზოგიერთ გულშემატკივარს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოქმედების საუკეთესო კურსია ბელგიისთვის, რადგან ის ხურავს კონფლიქტს და საშუალებას აძლევს გუნდს, კონცენტრირებული იყოს თავისი მიზნების მიღწევაზე. მადლობა თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის, სიყვარულისა და გაგებისთვის“, – დაწერა სოციალურ ქსელში კურტუამ.
კურტუას 2023 წლის ზაფხულის შემდეგ აქვს კონფლიქტი ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, დომენიკო ტედესკოსთან. მიზეზი გახდა კაპიტნის სამკლავური. ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩების დროს, კევინ დე ბრუინის არყოფნაში მწვრთნელმა კაპიტნობა რომელუ ლუკაკუს მიანიჭა. კურტუა, რომელიც ასევე აცხადებდა პრეტენზიას კაპიტნის სამკლავურზე, გაბრაზდა მწვრთნელზე და ნაკრები დატოვა.