კუპატაძეს ისრაელში ელიან - ლაზარე „ბეითარს“ სიტყვიერად შეუთანხმდა #1TVSPORT
კუპატაძეს ისრაელში ელიან - ლაზარე „ბეითარს“ სიტყვიერად შეუთანხმდა #1TVSPORT

ლაზარე კუპატაძე, დიდი ალბათობით, კარიერას იერუსალიმის „ბეითარში“ გააგრძელებს. 26 წლის მეკარემ ინფორმაცია თავად დაადასტურა.

მისი თქმით, „ბეითართან“ კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, თუმცა სიტყვიერი შეთანხმება აქვს და მას ისრაელში ელიან, ამის შემდეგ ახალ გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს და ოფიციალურად წარადგენენ.

კუპატაძე „საბურთალოს“ აღზრდილია, ირიცხებოდა თბილისის „ლოკომოტივსა“ და ლუქსემბურგის „ჟენესში“, მაგრამ ისევ „საბურთალოს“ დაუბრუნდა. 2021 წელს ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, გუნდის ძირითადი მეკარე გახდა და მისი ფორმით საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.

ყველაფერი 2022 წლის ზაფხულში, ევროთასების შემდეგ დასრულდა – კონფლიქტის გამო ბათუმის გუნდის დატოვება მოუხდა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო დარჩენილი. ლაზარეს მომავალი გორის „დილას“ დაუკავშირეს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

კუპატაძე „საბურთალოს“ (საქართველოს ჩემპიონის ტიტული ამ გუნდთან ერთადაც მოიპოვა) საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და გამოცდილებაც აქვს. სისტემატურად იწვევდნენ საქართველოს ნაკრებში, მაგრამ „ჯვაროსნების“ ფორმით სადებიუტო მატჩი მხოლოდ 2021 წლის 2 ივნისს ჩაატარა. ვილი სანიოლმა კუპატაძე რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში დააყენა, რომელიც მაღალ დონეზე ჩაატარა.

„ბეითარი“ ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია: 6-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, 7-ჯერ – თასის მფლობელი, ხოლო 2-ჯერ – სუპერთასის. მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.