კუპატაძე ფუტსალში ისევ საუკეთესოა - ასათიანი ევრო 2022-ზე მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სეზონის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2022 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშედ ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზვიად კუპატაძე დაასახელა.
43 წლის გამოცდილი მეკარე ბოლო წლებში ამ სახეობაში გამორჩეული ფიგურაა და მისი კარგი თამაშის დამსახურებაცაა, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად რომ მოხვდა.
ზვიად კუპატაძე კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს. ის იმედოვნებს, რომ ნაკრებთან ერთად ოცნებას აისრულებს და მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. საუკეთესო მოთამაშეთა ნომინანტებს შორის ასევე მოხვდნენ ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ღავთაძე და შაგინია.
2022 წელს საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა და საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდა. ამ წარმატების აღსანიშნავად, გუნდი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა, რომელიც ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ავთანდილ ასათიანს გადაეცა.