ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვების შანსის დაკარგვისა და ლა ლიგის ბოლო ტურში „სელტასთან“ (1:2) განცდილი მარცხის შემდეგ, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავარი მწვრთნელი სეზონის ბოლოს დაითხოვოს, – იუწყება RAC 1.
წყაროს ინფორმაციით, კატალონიური კლუბის მენეჯერების გადაწყვეტილება მყარია და რონალდ კუმანის შემცვლელს უკვე ეძებენ. თუმცა, აღნიშნავენ, რომ თუ კუმანის ღირსეული შემცვლელი ზაფხულამდე ვერ მოიძებნა, შესაძლოა, ნიდერლანდელ სპეციალისტს „ბარსელონაში“ ყოფნის პერიოდი გაუხანგრძლივდეს.
მიმდინარე სეზონში კუმანის შეგირდებმა მხოლოდ ესპანეთის თასის მოგება მოახერხეს. „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალიდან დაემშვიდობა, ესპანეთის ჩემპიონატში კი მესამე პოზიციაზე იმყოფება და პირველადგილოსან „ატლეტიკოს“ შვიდი ქულით ჩამორჩება.