კუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა #1TVSPORT
ტოკიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა კუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს კუდოს ფედერაციის ცნობით, ჩვენი ნაკრების ცხრა წევრიდან მედალი ექვსმა აიღო, რაც ისტორიული შედეგია.
ტოკიოში მსოფლიოს ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკის კუდოისტებს შორის გაიმართა. პირველად ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ოქროს მედლები მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ საბა მაქაცარია (U16) და სედრაკ კარაპეტიანი (U19). საბამ ფინალში სომხეთის წარმომადგენელი ალექსანდრ ჩარხჩიანი დაამარცხა. სედრაკ კარაპეტიანმა კი გადამწყვეტ ბრძოლაში ინდოეთის წარმომადგენელ კიგან მანეზის ხელის მტკივნეული ილეთით მოუგო.
პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ მედალი ქალთა შორის ასპარეზობაშიც დაისაკუთრა. ვიცე-ჩემპიონობა 16-წლამდელთა შორის მარი ნანავამ იზეიმა, ხოლო ვაჟებში – ნიკა ბერაიამ. ბრინჯაოს მედლები რატი შურღაიამ (U 16) და დიმიტრი ბერაიამ (U13) მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია. იაპონიაში იმყოფებოდნენ კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი, კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია და მწვრთნელი ირაკლი პაპავა.