კუბაში პროფესიულ კრივზე აკრძალვა გაუქმდა, რომელიც 1962 წლიდან მოქმედებდა #1TVSPORT
კუბაში პროფესიულ კრივზე აკრძალვა გაუქმდა, რომელიც 1962 წლიდან მოქმედებდა #1TVSPORT

კუბელი მოკრივეები დაუბრკოლებლად შეძლებენ პროფესიულ რინგზე გამოსვლას – ასეთი რამ 1962 წლის შემდეგ პირველად მოხდება.

როგორც ირკვევა, კუბის კრივის ეროვნულმა ფედერაციამ შეთანხმებას მიაღწია კომპანია Golden Ring Promotions-თან და 20 მაისს მასთან ერთად ჩაატარებს  მექსიკაში საკრივო შოუს.

ვარაუდობენ, რომ საკრივო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონები – ხულიო სეზარ ლა კრუსი, არლენ ლოპესი, რონიელ იგლესიასი და ენდი კრუსი.

ბოლო 60 წლის განმავლობაში, რაც ეს აკრძალვა მოქმედებდა, კუბაში სამოყვარულო კრივი უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი. ოლიმპიურ თამაშებზე კუბელმა მოკრივეებმა 76 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 41 იყო ოქროსი. შედარებისთვის, სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლების საერთო მონაგარი 84 მედალს შეადგენს.