კსუ-მ უნივერსიადაზე მთავარი კონკურენტიც დაამარცხა და ევროფესტივალის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა (კსუ) ლოძში მიმდინარე ევროპის უნივერსიადაზე შესანიშნავად თამაშობს – გუნდმა მესამე შეხვედრა გამართა და კვლავ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.
პოლონეთში მიმდინარე სტუდენტურ ფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი კსუ „დ“ ჯგუფში ასპარეზობს. მესამე მატჩში გუნდი მარიბორის უნივერსიტეტს (სლოვენია) დაუპირისპირდა. ამ შეხვედრაში წყდებოდა, „დ“ ჯგუფში ვინ გალიდერდებოდა.
გუნდმა კვლავ შესანიშნავად ითამაშა, 3:0 მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილზეა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. კსუ ჯგუფში ისე გალიდერდა, 23 გოლი გაიტანა და ჯერ თავად ერთიც არ გაუშვია – მანამდე ნორვეგიის ეკონომიკის სკოლა (12:0) და ფინეთის ლაპეენრანტას ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (8:0) დიდი ანგარიშით დაამარცხა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი ბოლო შეხვედრას 20 ივლისს ლოზანას უნივერსიტეტთან (შვეიცარია) გამართავს. საუნივერსიტეტო თამაშები (უნივერსიადა) სპორტის 19 სახეობაში იმართება. საქართველოს დელეგაცია სპორტის რამდენიმე სახეობას აერთიანებს. ფუტსალის ტურნირის საწყის ეტაპზე ოთხი ჯგუფია, თითოეული ჯგუფიდან კი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან ორი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს.