კრივში პირველი ქალი ოლიმპიური ჩემპიონი სპორტიდან მიდის
კრივში პირველი ქალი ოლიმპიური ჩემპიონი სპორტიდან მიდის

ქალთა კრივში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნიკოლა ადამსმა განაცხადა, რომ სპორტიდან მიდის და ამის მიზეზად ექიმების რჩევა დაასახელა.

37 წლის ბრიტანელი პირველი ქალი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა სპორტის ამ სახეობაში, როდესაც 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის ოქროს მედალი მოიპოვა, 2016 წელს კი ეს ტიტული რიო-დე-ჟანეიროში დაიცვა.

2017 წელს ადამსი პროფესიულ კრივში გადავიდა.

„ექიმებმა მითხრეს, რომ თვალის არეში კიდევ ერთმა დარტყმამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მომაყენოს და სამუდამოდ დავბრმავდე“, – განაცხადა ნიკოლა ადამსმა. – „უსაზღვროდ ვამაყობ იმით, რომ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენდი ორ ოლიმპიადაზე, შემდეგ კი „კრივის მსოფლიო ორგანიზაციის“ (WBO) ჩემპიონიც გავხდი და ეს ჩემი ოცნების ასრულება იყო. მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერმა ჩემს სხეულზე ცუდად იმოქმედა“.

ლიდსელმა მოკრივემ თავისი უკანასკნელი ბრძოლა 28 სექტემბერს გამართა, როდესაც მექსიკელი მარია სალინასი დაამარცხა და WBO-ს ჩემპიონის ტიტული დაიცვა.