უკვე 13 თვეა, რაც კრისტაპს პორზინგისი აქტიურ სპორტს არის ჩამოშორებული.
ლატვიელი ფორვარდი 2018 წლის 6 თებერვლის შემდეგ ტრავმას იშუშებს. ცოტა ხნის წინ, 23 წლის კალათბურთელმა გუნდი შეიცვალა და ნიუ-იორკიდან დალასში გადაბარგდა. როგორც ირკვევა, ლატვიელი ფორვარდი სულ მალე მწყობრში იქნება.
„დღეს მე სამი-სამზე ვითამაშე, ხვალ კი პირველ სრულფასოვან ვარჯიშს გავმართავ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველოდები მოედანზე დაბრუნებას“, – განაცხადა პორზინგისმა ტელეარხ ტი-ენ-ტიზე (TNT) კერონ ბატლერთან მიცემულ ინტერვიუში.
ლატვიელ სუპერვარსკვლავს მომავალი თვეები რეაბილიტაციისთვის და ფორმის აღსადგენად დასჭირდება, სანამ დალასისთვის 2019-2020 წლების სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპი არ დაიწყება.