მეოცე ტურის შეხვედრები გაიმართა საქართველოს „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში“. ტურის ცენტრალური დაპირისპირება „ხვამლი არენაზე“ შედგა, სადაც „შევარდენმა“ „თელავს“ უმასპინძლა. შეხვედრა ორივე ტაიმში მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს თუ ეროვნული ლიგის საიტზე მატჩის მაყურებლებს სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრის ხილვის საშუალება მიეცათ. ანგარიში პირველ ტაიმში მასპინძლებმა გახსნეს. სუხომლინოვის საგოლე პასი „იუნკერების“ თავდამსხმელმა თამაზ ბაბუნაძემ გამოიყენა და თბილისელები დააწინაურა. ტაიმის მიწურულს იაროსლავ კვასოვმა ნადირაძის კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ნახევარში მომენტები ორივე კართან უხვად შეიქმნა, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა.
მორიგი გამარჯვება მოიპოვა თბილისის „მერანმა“. გათამაშების ლიდერმა „ცხინვალს“ ანგარიშით – 4:1 მოუგო. ერთადერთი გოლი დამარცხებულთა მხრიდან ლუკა ჯანაშიამ გაიტანა. „მერანის“ რიგებში კი დუბლი შეასრულა გიორგი ნიქაბაძემ, ერთი გოლი აქტივში ვანო შენგელიძემ ჩაიწერა, ერთი კი საკუთარ კარში „ცხინვალის“ განაპირა მცველმა ლუკა მაღრაძემ გაიტანა.
მეგრული დერბი გაიმართა „ზუგდიდსა“ და „კოლხეთს“ შორის. ორივე გუნდი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. შეხვედრა ზუგდიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა. თავი არჩილ მესხმა გამოიჩინა.
მორიგი მატჩი წააგო კიდევ ერთმა აუტსაიდერმა – ლანჩხუთის „გურიამ“. გელა სანაიას გუნდის მეტოქე, გათამაშების მესამე ადგილოსანი „სამტრედია“ იყო. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიში დავით რაჟამაშვილმა გახსნა და იმერლები დააწინაურა, მალევე კი სტუმრების უპირატესობა საგრძნობი გახდა, დუბლი გურამ სამუშიამ შეასრულა და კახა კაჭარავას გუნდმა სამ ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.
პირველი ტაიმის დამატებით დროში მსაჯმა მოედნიდან რაჟამაშვილი გააძევა.
მეორე ტაიმის დებიუტში „გურიამ“ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა. სხვაობა ორამდე ჯერ თამაზ ლომსაძემ შეამცირა, მალევე კი მეორე ემანუელ იაგრმა გაიტანა. „გურიამ“ მეტი გოლის გატანა ვეღარ შეძლო, მატჩის მიწურულს კი ზაურ ხაბეიშვილისგან კიდევ ერთი გოლი მიიღო და ანგარიშით – 2:4 დამარცხდა.
კიდევ ერთი დაპირისპირება, რომელიც „შუქურას“ და „გაგრას“ შორის შედგა, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
20 ტურის შემდეგ ლიგა 2-ში „მერანი“ 46 ქულით პირველია. მეორე ადგილზე „შევარდენია“ 39 ქულით, მესამეზე კი „სამტრედია“, რომელსაც 38 ქულა აქვს. 33 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზეა „თელავი“.
„შუქურა“ 29 ქულით მეხუთეა, „ცხინვალი“ 26 ქულით მეექვსე პოზიციას ინარჩუნებს, „გაგრა“ კი მას 1 ქულით ჩამორჩება და მეშვიდეა. გასავარდნ ზონაში 14 ქულა აქვს „კოლხეთს“. „ზუგდიდს“ 10 ქულა აქვს მოგროვებული, „გურიას“ კი – 8.
მომდევნო ტურის მატჩები 13 და 14 აგვისტოს გაიმართება. ტურის ცენტრალური დაპირისპირება „სამტრედიას“ და „შევარდენს“ შორის 14 აგვისტოს გაიმართება.
ფოტო – „შევარდენის“ პრეს-სამსახური