„კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაში აუტსაიდერმა ლიდერი დაამარცხა, ტორპედომ პოზიცია გაიმყარა
„კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაში დღეს მე-12 ტურის ორი თამაში გაიმართა, რომელთაგანაც ერთი სენსაციური შედეგით დასრულდა.
ბევრი ელოდა, რომ ფინანსურ პრობლემების გამო, ქუთაისის „ტორპედო“ თბილისში „ლოკომოტივთან“ დიდი სტიმულით ვერ ითამაშებდა. თუმცა, „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ ამ შეხვედრაში კახა ჩხეტიანის გუნდმა მეტოქეს პირველივე წუთებიდან აქტიურად შეუტია და 2:0 დაწინაურდა, თბილისელთა კარი მე-12 წუთზე ნოდარ ქავთარაძემ აიღო, ხოლო მე-14 ბუდუ ზივზივაძემ პენალტი ანდრეა პირლოს სტილში, ეფექტურად გამოიყენა. 62-ე წუთზე რიჩარდ ლუკამ „ლოკომოტივის“ კარი მესამედაც აიღო და ყველაფერი ცხადი გახდა. 78-ე წუთზე „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა თემურ შონიამ პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, „ტორპედომ“ ანგარიშით 3:1 მოიგო.
ანალოგიური ანგარიშით დასრულდა რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ კომპლექსში გამართული მატჩი, სადაც ბოლოადგილოსანი „რუსთავი“ გათამაშების ლიდერს, „საბურთალოს“ დაუპირისპირდა. მაგრამ მოიგო არა ლიდერმა, არამედ, აუტსაიდერმა – ანგარიში 59-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა ლუკა იმნაძემ გახსნა, 74-ე წუთზე ფარხად გისტაროვმა სტუმართა კარი მეორედ აიღო. მართალია, „საბურთალოს“ მოთამაშემ, დაჩი ცნობილაძემ დამატებულ დროში (90+3 წუთი) სხვაობა მინიმალურამდე შეამცირა, მაგრამ რუსთაველთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა, მოედანზე ერთი წუთის ადრე შესულმა ლუკა ზვიადაძემ (90+5) ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და თამაში სენსაციური შედეგით, აუტსაიდერ „რუსთავის“ გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 3:1.
„საბურთალომ“ (24 ქულა) პირველობა შეინარჩუნა, მაგრამ 11 მაისს ბათუმის „დინამო“ საშინაო შეხვედრაში თბილისის „დინამოს“ თუ მოუგებს, ისევ პირველზე დაწინაურდება. „ტორპედო“ (23) ამ მოგებით მეორე ადგილზე დაწინაურდა და ბათუმის „დინამოს“ გადაასწრო. „რუსთავმა“ კი ზედიზედ მეორედ მოიგო, 9 ქულა დააგროვა და „ლოკომოტივს“ დაეწია.