დღეს 17:30 საათზე ლიგა 2-ის სამი მატჩი გაიმართება. ტურის ცენტრალური დაპირისპირება კახეთში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე, „თელავს“ და „სამტრედიას“ შორის შედგება. ამ ორ გუნდს შორის წინა ორი დაპირისპირებიდან ერთი კახა კაჭარავას გუნდმა მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა. სატურნირო ცხრილში „სამტრედია“ 41 ქულით მეორე ადგილზეა, „თელავს“ კი 36 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. დღეს, თელავის სტადიონზე მისულ ქომაგს ნამდვილად დაძაბული თამაშის ხილვა მოუწევს. ორივე გუნდის მიზანი მიმდინარე წელს ლიგა 1-ში გადასვლაა.
თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს ლიგა 1-ის საგზურისთვის მებრძოლი კიდევ ერთი გუნდი – „შევარდენი-1906“.
თბილისელებმა 19 მატჩიანი წაუგებელი სერია წინა ტურში გასვლაზე, „სამტრედიასთან“ შეწყვიტეს და მეორე ადგილიდან მესამეზე დაქვეითდნენ. დღეს „იუნკერებს“ დისკვალიფიკაციის გამო ზვიად სიხარულია ვერ დაეხმარება.
რაც შეეხება „კოლხეთს“, თითქმის გადაწყვეტილია მეგრულ კლუბში გამოცდილი სპეციალისტის გიორგი დარასელიას დანიშვნა, რომელიც ცოტა ხნის წინ თითქოს „შევარდენის“ მთავარი მწვრთნელი უნდა გამხდარიყო, თუმცა მოლაპარაკება ბოლო მომენტში აღარ შედგა. დანაკლისი ფითელებსაც აქვთ. გუნდს თემურ ძაძამია ვერ დაეხმარება.
გადარჩენისთვის მებრძოლი „გურია“ „გაგრას“ უმასპინძლებს. ლანჩხუთელებმა წინა ტურში უშუალო კონკურენტი “კოლხეთი” დაამარცხეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.
გელა სანაიას გუნდს გამარჯვება დღევანდელ მატჩშიც ჰაერივით სჭირდება. თავის მხრივ მოგება ესაჭიროება „გაგრასაც“, რომელსაც სეზონის განახლების შემდეგ ჯერ არ გაუმარჯვია და მეშვიდე ადგილზე იმყოფება.
სამივე შეხვედრა დღეს 17:30 საათზე დაიწყება.
ფოტო – “შევარდენის” პრეს-სამსახური