ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი – კრიშტიანუ რონალდუ, 2018 წელს პორტუგალიის ნაკრებში არ ითამაშებს – იტყობინება გამოცემა O Jogo.
როგორც ირკვევა, რონალდუმ თავად ითხოვა, რომ ეროვნულ ნაკრებში ოქტომბრისა და ნოემბრის მატჩებზე არ გამოიძახონ. პორტუგალია ოქტომბერში ორ მატჩს ითამაშებს: პოლონეთთან ერთა ლიგაზე და შოტლანდიასთან ამხანაგურ შეხვედრას, ნოემბერში კი ერთა ლიგაზე იტალიასა და პოლონეთს შეხვდება.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდუ ნაკრებში იმის გამო არ არის გამოძახებული, რომ ის ამერიკელი სტუდენტის – კეტრინ მაიორგას გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. თუმცა, მოგვიანებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა. მან განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სამმხრივი შეხვედრისას მიიღეს, რომელშიც მწვრთნელი, ფეხბურთელი და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ჟილბერტუ მადაილა მონაწილეობდნენ.
„იყო სამმხრივი საუბარი, რომლის დროსაც მოვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ მოთამაშე, ოქტომბერსა და ნოემბერში გამოძახებას ნაკრებში არ მიიღებს“ – განაცხადა სანტუშმა.
გარდა ამისა, მწვრთნელი დარწმუნებულია იმაში, რომ რონალდუ არ არის დამნაშავე კეტრინ მაიორგას გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ლას ვეგასის პოლიციამ პორტუგალიელი ფორვარდის საქმეზე, გამოძიება განაახლა.