კრიშტიანო რონალდოს მიმართ გამოძიება დაიწყო
კრიშტიანო რონალდოს მიმართ გამოძიება დაიწყო

უკვე სამი კვირაა, „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ვერ ახერხებს მოედანზე გასვლას. ცნობილია, რომ პორტუგალიელ ვარსკვლავს კორონავირუსი აქვს და უკვე ოთხი დადებითი ტესტი ჩააბარა, რის გამოც ვერ ითამაშა „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში.

ინფექციამ რონალდოს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. გარდა იმისა, რომ კრიშტიანოს თამაშების გამოტოვება უწევს და „იუვენტუსი“ მის გარეშე ქულებს კარგავს, პორტუგალიელს იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა აუჯანყდა. ის დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელმა პროტოკოლი დაარღვია და ინციდენტის გამოძიება უნდა დაიწყოს.

საიდან დაიწყო ყველაფერი?

ოქტომბრის დასაწყისში რონალდომ თვითნებურად დატოვა „იუვენტუსის“ „ბაბლი“ „ნაპოლისთან“ არშემდგარი მატჩის შემდეგ. იტალიის ჩემპიონის პერსონალს შორის აღმოჩენილი კორონავირუსის გამო, ფეხბურთელები სრული შემადგენლობით სასტუმროში იზოლაციაში გადაიყვანეს, მაგრამ პორტუგალიელმა ვერ მოითმინა და ნებართვის გარეშე დატოვა სასტუმრო, არადა, წესების მიხედვით, ვალდებული იყო სამი უარყოფითი ტესტი ჩაებარებინა. საბოლოოდ, რონალდომ გუნდის ბოსებთან იჩხუბა და ტურინში საკუთარი სახლის გავლით ეროვნულ გუნდში გაემგზავრა.

კრიშტიანომ მოასწრო საფრანგეთის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ შვედეთთან მატჩის წინ, კოვიდზე დადებითი ტესტი ჩააბარა და ნაკრებიდან მისი იზოლირება მოხდა. უცნობია, რა მომენტში დაინფიცირდა რონალდო, რადგან ნაკრების არც ერთ წევრს მისგან კორონავირუსი არ გადაედო.

მოკლედ, „იუვენტუსის“ ვარსკვლავი სპეციალური რეისით ტურინში ჩაიყვანეს, რათა თვითიზოლაციის პერიოდი იტალიაში დაესრულებინა. აეროპორტში ის სასწრაფოს მანქანაში ჩასვეს და შინ წაიყვანეს.

პორტუგალიელის საქციელმა ძალიან გააბრაზა იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა – ის რამდენჯერმე გამოვიდა ფეხბურთელის კრიტიკით.

„მიმაჩნია, რომ მან დაარღვია პროტოკოლი, როცა ჯერ პორტუგალიაში გაემგზავრა და შემდეგ უკან დაბრუნდა“, – განაცხადა სპადაფორამ.

„მე არ დამირღვევია პროტოკოლი – ეს ტყუილია. დავბრუნდი პორტუგალიიდან, რადგან გუნდთან ერთად უსაფრთხოების ყველა წესს ვიცავდით. სპეციალური ტრანსპორტით დავბრუნდი იტალიაში და არავისთან მქონია კონტაქტი, ტურინშიც კი“, – უპასუხა კრიშმა.

სპადაფორა ამ პასუხით კიდევ უფრო გაღიზიანდა და პორტუგალიელი ქედმაღლობაში დაადანაშაულა. პორტუგალიელის პასუხმა ის არ დააკმაყოფილა და ინციდენტის სრულფასოვანი გამოძიება მოითხოვა.

„კრიშტიანო არ იცავდა პროტოკოლს. ფედერალური პროკურატურა გამოძიებას ატარებს, რათა ეს დაამტკიცოს. ვირუსმა გვასწავლა, რომ გამონაკლისი არავისთვის არსებობს“, – თქვა სპადაფორამ.

ცნობილი არ არის, რა ზომებს გამოიყენებენ რონალდოს მიმართ, რადგან ანალოგიური პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. მანამდე კი პორტუგალიელი სახლშია და უარყოფით ტესტს ელოდება.

დატოვე კომენტარი