კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოურინიოს ან ზიდანის ხილვა სურს #1TVSPORT
„ალ-ნასრის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რუდი გარსია გაათავისუფლა. სხვადასხვა გამოცემაში ხშირად იწერება, რომ ფრანგი სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილო არაბული გუნდის ლიდერი კრიშტიანო რონალდო იყო.
Cbssports-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შესთავაზა ახალი მწვრთნელის თანამდებობაზე ორი კანდიდატურა – ჟოზე მოურინიო და ზინედინ ზიდანი.
„ალ-ნასრის“ მენეჯმენტიც დაინტერესებულია გუნდი ევროპაში გამოცდილ, კვალიფიციურ კადრს ჩააბაროს, რადგან მათ აქვთ პრეტენზია, საუდის არაბეთის ლიგა კონკურენტული, ვარსკვლავებით დახუნძლული და მაყურებლისთვის მიმზიდველი გახდეს. გამოცემა იმასაც იუწყება, რომ პირველი შეთავაზება ზინედინ ზიდანს უკვე გაუკეთეს.
კრიშტიანო რონალდოს დასახელებულ ორივე მწვრთნელთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ზინედინ ზიდანთან ერთად მადრიდის „რეალში“ პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო, ხოლო მოურინიოს ხელმძღვანელობით „სამეფო კლუბში“ მან 164 შეხვედრაში 168 გოლი გაიტანა, ასევე გახდა კოპა დელ რეისა და ლა ლიგის გამარჯვებული.
ამჟამად „ალ-ნასრი“ საუდის არაბეთის უმაღლეს დივიზიონში 53 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ „ალ-იტიჰადს“ სამი ქულით ჩამორჩება. რონალდოს გუნდი ასევე გასულია საუდის არაბეთის თასის ნახევარფინალში.