არაბეთის ჩემპიონთა საკლუბო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი ითამაშა კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრმა“. C ჯგუფის შეხვედრაში საუდის არაბეთის კიდევ ერთი კლუბის, „ალ-შაბაბის“ წინააღმდეგ უგოლო ფრე დაფიქსირდა – 0:0.
რონალდომ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მატჩში 62-ე წუთიდან ჩაერთო. რონალდო, ზედიზედ ხუთი მატჩია, ვერ ახერხებს გატანას ან შედეგიანი გადაცემის შესრულებას. მისი „მშრალი“ სერია 271 წუთია გრძელდება.
არაბეთის ჩემპიონთა საკლუბო თასის გათამაშება საუდის არაბეთის სამ ქალაქში იმართება. ტურნირში 16 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც წარმოადგენენ საუდის არაბეთს, ქუვეითს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, კატარს, ეგვიპტეს, ლიბიას, ალჟირს, ტუნისს, მაროკოსა და ერაყს. გუნდები ოთხ ჯგუფად არიან დაყოფილნი, რვა საუკეთესო პლეი ოფში გააგრძელებს ბრძოლას. თასის მფლობელი 6 მილიონ დოლარს მიიღებს.