კრიშტიანო რონალდომ უარი თქვა, გამხდარიყო საუდის არაბეთის სახე - მას ექვს მილიონს სთავაზობდნენ
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ უარი თქვა საუდის არაბეთის ტურისტული მიმართულებით რეკლამირებაზე. გაზეთმა „ტელეგრაფმა“ დაწერა, რომ 35 წლის პორტუგალიელს სანაცვლოდ ექვს მილიონ ევროს სთავაზობდნენ.
შეთანხმების თანახმად, რონალდოს მოუწევდა ქვეყანაში გამგზავრება, მის იმიჯს კი საუდის არაბეთში სარეკლამო მიზნებისთვის გამოიყენებდნენ.
აღნიშნავენ, რომ „ბარსელონას“ ფორვარდს, ლიონელ მესისაც მიმართეს ამგვარი წინადადებით, მაგრამ არგენტინელის პასუხის შესახებ, ჯერჯერობით, უცნობია.
ცნობილია, რომ საუდის არაბეთში სავალალო მდგომარეობაა ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით. სწორედ ამ მიზეზით, პრემიერლიგამ არ დაამტკიცა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყნის პრინცს „ნიუკასლ იუნაიტედი“ უნდა შეეძინა.