კრიშტიანო რონალდომ სიცრუეში დაადანაშულა France Football-ის მთავარი რედაქტორი #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ განმარტა, რატომ ვერ დაესწრო პარიზში „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას. პორტუგალიელმა ასევე გააკრიტიკა და სიცრუეში დაადანაშულა France Football-ის მთავარი რედაქტორი პასკალ ფერე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რონალდოს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს: გაუსწროს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს ლიონელ მესის კარიერაში „ოქროს ბურთების“ რაოდენობით.
„პასკალ ფერემ იცრუა, მან საკუთარი თავისა და ჟურნალის პიარისთვის გამოიყენა ჩემი სახელი. დაუშვებელია, რომ ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ასეთი პრესტიჟული ჯილდოს გადაცემაზე, ამგვარად იტყუებოდეს, ამჟღავნებდეს სრულ უპატივცემულობას იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ყოველთვის პატივს სცემდა France Football-სა და „ოქროს ბურთს“. და დღეს მან ისევ იცრუა, როცა გალა-საღამოზე ჩემი არყოფნა კარანტინით გაამართლა.
ყოველთვის მზად ვარ მივულოცო მათ, ვინც პატიოსანი თამაშის წესებით იმარჯვებს. მე არასოდეს ვარ განწყობილი ვინმეს მიმართ საწინააღმდეგოდ. ყოველთვის ვიმარჯვებ ჩემთვის და ჩემი კლუბებისთვის, იმათთვის, ვისაც ვუყვარვარ. მე არ ვიგებ იმისთვის, რომ ვიღაცას გავუსწრო.
ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი მიზანია – მოვიგო ეროვნული და საერთაშორისო პრიზები კლუბებისთვის, რომლებსაც წარმოვადგენ. ასევე ჩემი ყველაზე დიდი მიზანია – ვიყო კარგი მაგალითი ყველასთვის, ვინც უკვე არის ან სურს გახდეს პროფესიონალი ფეხბურთელი. და კიდევ, ჩემი მიზანია – ოქროს ასოებით ჩავწერო ჩემი სახელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.
ბოლოს ვიტყვი, რომ ჩემი ყურადღება უკვე კონცენტრირებულია „მანჩესტერ იუნაიტედის“ მომდევნო თამაშზე და ყველაფერზე, რასაც შეიძლება მივაღწიო ამ სეზონში თანაგუნდელებთან და გულშემატკივრებთან ერთად. დანარჩენი? დანარჩენი – ეს მხოლოდ დანარჩენია…“ – დაწერა „ინსტაგრამში“ რონალდომ.