კრიშტიანო რონალდომ და ჯორჯინა როდრიგესმა საკარანტინე წესები დაარღვიეს
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ეჭვმიტანილია ანტიკორონავირუსული პროტოკოლის დარღვევაში. გამოცემა „კორიერე დელო სპორტი“ ამტკიცებს, რომ პორტუგალიელმა და მისმა საცოლემ ჯორჯინა როდრიგესმა COVID-19-თან ბრძოლის წესები დაარღვიეს, როცა წყვილმა საზღვარი გადაკვეთა პიემონტსა და ვალე-დ’აოსტას შორის. ისინი ჯორჯინას 27-ე დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
„იუვენტუსმა“ კრიშტიანო რონალდოს დასვენების საშუალება მისცა და იტალიის თასის მეოთხედფინალში არ ათამაშა. ფეხბურთელმა და მისმა მეგობარმა გოგონამ ამ შესაძლებლობით ისარგებლეს და ვალ ვენის სათხილამურო კურორტზე ორი დღის გატარება გადაწყვიტეს. ამის შემდეგ, ისინი კურმაიორში დაბრუნდნენ და ოფიციალურად დაკეტილ სასტუმროში გაჩერდნენ.
წყარო ირწმუნება, რომ კრიშტიანო და ჯორჯინა არ დაუჯარიმებიათ, არადა, მათი ვიდეო სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა, თუმცა, ძალიან მალე წაშალეს.
ადგილობრივი კანონი კრძალავს ხიფათის ნარინჯისფერი ზოლიდან გადაადგილებას. გამონაკლისია მხოლოდ რეალური აუცილებლობის შემთხვევები. პიემონტი ასეთ ზონაში შედის.