კრიშტიანო რონალდომ ბოდიშის მოსახდელად მთელი „იუვენტუსი“ ვახშამზე დაპატიჟა
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ გადაწყვიტა, ბოდიში მოუხადოს თანაგუნდელებს „მილანთან“ მატჩში შეცვლისას თავისი საქციელის გამო.
იმ შეხვედრაში პორტუგალიელი უკვე 55-ე წუთზე გაიყვანეს მოედნიდან, რამაც ფორვარდის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ის მაშინვე გასახდელისკენ გაეშურა და სტადიონი მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიატოვა.
გაზეთ „რეპუბლიკას“ ინფორმაციით, ფეხბურთელმა მთელი გუნდი დაპატიჟა ვახშამზე, რათა პირადად მოეხადა ბოდიში თავისი საქციელის გამო. ვახშამი გაიმართება „ატალანტასთან“ სერია A-ს მე-13 ტურის წინ.
მანამდე რონალდომ აღიარა, რომ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი მართალი იყო, როცა ის შეცვალა, რადგან პორტუგალიელი არ გრძნობდა თავს 100 პროცენტით მზად.
ამ სეზონში კრიშტიანოს 14 ოფიციალურ მატჩში ექვსი გოლი და ორი საგოლე პასი აქვს.