კრიშტიანო რონალდომ „ალ-ჰილალთან“ მატჩში MMA-ის ილეთი გამოიყენა და გაძევებას გადაურჩა [ვიდეო] #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ მორიგი მატჩი ჩაატარა საუდის არაბეთის ჩემპიონატში. 38 წლის პორტუგალიელის „ალ-ნასრი“ „ალ-ჰილალთან“ სტუმრად 0:2 დამარცხდა. რონალდომ ზედიზედ მეორე მატჩში ვერ შეძლო გატანა, თავი კი გულშემატკივრებს შერეული ორთაბრძოლების ილეთით დაამახსოვრა.
შეხვედრის 57-ე წუთზე პორტუგალიელმა ბურთისთვის ბრძოლისას „ალ-ჰილალის“ ფეხბურთელის წინააღმდეგ აკრძალული ილეთი გამოიყენა. კრიშტიანომ კისერში ორივე ხელი ჩაავლო მეტოქეს და მინდორზე დააგდო. მსაჯმა პორტუგალიელს ყვითელი ბარათი უჩვენა, არადა, ბევრის აზრით, რონალდო გაძევებას იმსახურებდა.
ახლა რონალდოს საუდის არაბეთში იმდენივე ნათამაშები მატჩი აქვს, რამდენიც გატანილი გოლი (11). ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი „ალ-ჰილალის“ ფორვარდი ოდიონ ოგალოა, რომელმაც „ალ-ნასრის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა.
ეს იყო პირველი მატჩი „ალ-ნასრის“ ახალი მწვრთნელისთვის, დინკო ილიჩიჩისთვის, რომელმაც ცოტა ხნის წინ განთავისუფლებული რუდი გარსია შეცვალა.
„ალ-ნასრი“ საუდის არაბეთის ჩემპიონატში 53 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ალ-იტიჰადს“ სამი ქულით ჩამორჩება, თან ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. ტურნირის დასრულებამდე ექვსი ტურია დარჩენილი.