კრიშტიანო რონალდო - პორტუგალია საუკეთესო გუნდია ამ ჩემპიონატზე #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო - პორტუგალია საუკეთესო გუნდია ამ ჩემპიონატზე #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი გუნდის პირველი მატჩის წინ მცირე ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ფორვარდს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დაკავშირებულ სიტუაციაზე ჰკითხეს.

„მე არ მჭირდება იმაზე ფიქრი, რას ფიქრობენ სხვები. შემიძლია ვილაპარაკო მაშინ, როცა მოვისურვებ. იმ მოთამაშეებმა, რომლებიც დიდია ხანია მიცნობენ, ზუსტად იციან, როგორი პიროვნება ვარ“, – განაცხადა რონალდომ.

კრიშტიანომ ხაზი გაუსვა იმას, რომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მისი ბოლოდროინდელი ურთიერთობა არ იმოქმედებს პორტუგალიის ნაკრებსა და მის ფეხბურთელებზე – დღეს ნაკრების წევრები ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, როგორ მოიგონ მსოფლიო თასი.

რონალდომ დაადასტურა, რომ ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება და თავს შესანიშნავად გრძნობს. ის მზად არის, ჩემპიონატი მოგებით დაიწყოს და დარწმუნებულია, რომ დღეს მისი ნაკრები თავისი შესაძლებლობების პიკზე იმყოფება.

„ვგრძნობ, რომ პორტუგალიის ამ ნაკრებს უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჯერ განასთან უახლოეს მატჩზე ვართ კონცენტრირებული. მოვიგებთ ამ თამაშს და წინსვლას გავაგრძელებთ.

ბოლოს დავინახავთ, ვინ არის საუკეთესო. მე მიმაჩნია, რომ პორტუგალია საუკეთესო გუნდია ამ ჩემპიონატზე, მაგრამ ეს მინდორზე უნდა დავამტკიცოთ“, – განაცხადა რონალდომ.

პორტუგალიისა და განას ნაკრებთა მატჩი 24 ნიემბერს გაიმართება.