კრიშტიანო რონალდო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებში პირველად გამოიძახეს
დღეს პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო სანტოსმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოეს მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორისაა იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო, რომელსაც ნაკრებში გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია.
ნოემბერში სანტოსმა ეროვნულ გუნდში რონალდოს არყოფნა იმით ახსნა, რომ რეალიდან იუვენტუსში გადასვლის შემდეგ მას დასვენების საშუალება მისცა. როცა ნაკრებში თავდამსხმელის მომავალთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა, კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა. ამას მოჰყვა საუბრები იმაზე, რომ რონალდო, შესაძლოა, პორტუგალიელთა რიგებში აღარ დაბრუნებულიყო. ეს გაურკვევლობა დღეს სანტოსის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე დასრულდა.
კრიშტიანო რონალდო 85 გოლით პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ეროვნული გუნდის მაისურით მას 154 მატჩი აქვს გამართული, არც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 22 მარტს სახლში უკრაინას შეხვდება, 25-ში კი სერბეთს უმასპინძლებს.