კრიშტიანო რონალდო პირველი ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, რომელსაც ინგლისური პრემიერ ლიგა, ესპანური ლა ლიგა და იტალიური სერია ა აქვს მოგებული.
შაბათს, 20 აპრილს, იუვენტუსი საკუთარ მოედანზე ფიორენტინას შეხვდა და საკმაოდ დაძაბულ მატჩში 2-1 გაიმარჯვა.
ანგარიში მეექვსე წუთზე ფლორენციელებმა გახსნეს (ნიკოლა მილენკოვიჩი), თუმცა ალექს სანდრომ პირველივე ტაიმში გაათანაბრა, მეორეში კი ჯერმან პეცელამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ტურინელები ზედიზედ მერვედ გახდნენ იტალიის ჩემპიონები.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო ინგლისის ჩემპიონი სამჯერ გახდა, ესპანეთის – ორჯერ, ხოლო იტალიის – ერთხელ. საინტერესოა ასევე, რომ პორტუგალიურ სპორტინგში თამაშისას მას მხოლოდ ქვეყნის თასი აქვს მოგებული.