კრიშტიანო რონალდო ევრო 2024-ზე თამაშს გეგმავს #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო ევრო 2024-ზე თამაშს გეგმავს #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების ფორვარდს, კრიშტიანო რონალდოს ევრო 2024-ზე თამაში სურს.

„იმედია, ნაკრების წევრად დავრჩები კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში. ჯერ ისევ მოტივირებული ვარ, მაღალი ამბიციები გამაჩნია. ჩემი გზა ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ დასრულებულა.

ჩვენ ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. ვიქნები 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე და მინდა, მოვხვდე 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე“, – განაცხადა 37 წლის კრიშტიანომ ღონისძიებაზე, რომელიც პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ მოაწყო.

ამ ცერემონიაზე კრიშტიანო რონალდომ მიიღო სანაკრებო დონეზე საუკეთესო ბომბარდირის პრიზი. პორტუგალიელს ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 189 მატჩში 117 გოლი აქვს გატანილი, რაც აბსოლუტური რეკორდია ფეხბურთის ისტორიაში.

„ვამაყობ იმით, რომ ასეთი მასშტაბის ჯილდო მივიღე. არასოდეს მიფიქრია, რომ ერთხელაც ამას მივაღწევდი.

მადლობა ყველას, ვინც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში. ეს არის გრძელი გზა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ის არ დასრულებულა. კრიში კიდევ იხმაურებს“, – განაცხადა რონალდომ პრიზის მიღების შემდეგ.