კრიშტიანო რონალდო - დღეს რომ 25 წლის ვიყო, ჩემი ფასი 300 მილიონი მაინც იქნებოდა
კრიშტიანო რონალდო - დღეს რომ 25 წლის ვიყო, ჩემი ფასი 300 მილიონი მაინც იქნებოდა

კრიშტიანო რონალდოს თქმით, თანამედროვე ფეხბურთში სატრანსფერო ფასები კონტროლს აღარ ექვემდებარება და მისი კალიბრის ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 300 მილიონი ევრო მაინც იქნება.

რონალდომ კარიერა ლისაბონის „სპორტინგში“ დაიწყო, შემდეგ კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა. 2009 წელს ის იმ დროისთვის სარეკორდო თანხად, 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა „რეალ მადრიდში“, ამ მომენტიდან რვა წლის შემდეგ კი ბრაზილიელ ნეიმარში „პარი სენ-ჟერმენმა“ უკვე 222 მილიონი ევრო გადაიხადა.

ერთ-ერთი პორტუგალიური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში, შეკითხვაზე, თუ რამდენად გაიყიდებოდა ის დღეს, რონალდომ უპასუხა:

„საკმაოდ რთულია გამოანგარიშება. დღეს საფეხბურთო ინდუსტრია განსხვავებულია და ისეთ ფეხბურთელებში იხდიან 100 მილიონ ევროს, რომლებსაც ჯერ საერთოდ არაფერი დაუმტკიცებიათ. ჟოაო ფელიში (120 მილიონად გაიყიდა მადრიდის „ატლეტიკოში“),  რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამონაკლისია და მას არ ვგულისხმობ. მეკარე ან ცენტრალური მცველი უკვე 70-80 მილიონი ღირს. ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ ახლა და ვერაფერს ვიზამთ, თორემ რომელ ფეხბურთელს აქვს ჩემზე უკეთესი ისტორია? არა მგონია, ვინმეს ჰქონდეს. მე რომ ახლა 25 წლის ვიყო, თუ მეკარე 75 მილიონი ღირს, მე ალბათ ოთხჯერ მეტი ვეღირებოდი“.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს რონალდო „რეალ მადრიდიდან“ „იუვენტუსში“ გადავიდა და ტურინულმა კლუბმა მასში 100 მილიონი ევრო გადაიხადა.