კრიშტიანო რონალდო „ალ ნასრში“ რჩება და კლუბის ტრანსფერების მართვის უფლება მიენიჭება #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრების შემტევმა კრიშტიანო რონალდომ დაადასტურა, რომ მომავალ სეზონშიც „ალ-ნასრის“ რიგებში ითამაშებს.
„ვფიქრობ, საუდის არაბეთის ლიგა ძლიერია, მაგრამ ზრდისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს. ჩემპიონატი კონკურენტუნარიანია. აქ ბევრი კარგი გუნდია და ბევრი კარგი არაბი ფეხბურთელი თამაშობს.
მგონია, რომ ინფრასტრუქტურა მცირე გაუმჯობესებას საჭიროებს. ასევე მსაჯებიც, VAR-იც… ისინი უფრო სწრაფები უნდა იყვნენ. არის რამდენიმე წვრილმანი, რაც გამოსასწორებელია.
მაგრამ მე ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. მინდა აქ დარჩენა და დავრჩები კიდეც. ჩემი აზრით, უახლოესი ხუთი წელი თუ ლიგა ასეთი გეგმით გააგრძელებს მუშაობას, საუდის არაბეთის ჩემპიონატი, შესაძლოა, მსოფლიოს TOP 5 ლიგას შორის მოხვდეს“, – განაცხადა კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთის ლიგის პრესსამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.
როგორც ესპანურმა გაზეთმა AS-მა გაარკვია, პორტუგალიელს განსაკუთრებული უფლებები მიენიჭება კლუბის ხელმძღვანელობისგან, კერძოდ, კრიშტიანოს შეეძლება გუნდის ტრანსფერების მართვა და მისი სიტყვა სატრანსფერო პოლიტიკაში ამიერიდან გადამწყვეტი იქნება.
38 წლის რონალდო „ალ-ნასრში“ ზამთარში გადავიდა და 19 მატჩში 14 გოლი გაიტანა, თუმცა მისი გუნდი ტიტულების გარეშე დარჩა.