კრის პოლი „ჰიუსტონში“ დარჩა და ოთხ წელიწადში 160 მილიონ დოლარს მიიღებს
„ჰიუსტონ როკეტსის“ გამთამაშებელი კრის პოლი ახალ კონტრაქტზე მოელაპარაკა თავის ამჟამინდელ კლუბს. ESPN-ის მიმომხილველის, ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, განახლებული ხელშეკრულება ოთხწლიანი იქნება.
პოლი ამ ოთხი წლის განმავლობაში 160 მილიონ დოლარს მიიღებს და ამით ის გახდება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი NBA-ში.
გასულ სეზონში 33 წლის პოლმა რეგულარული სეზონის 58 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 18.6 ქულა, 7.9 შედეგიანი პასი, 5.4 მოხსნა და 1.7 ჩაჭრა დააგროვა. პლეი ოფში მისი საშუალო მონაგარი 21.7 ქულას, 5.9 მოხსნას, 5.8 შედეგიან გადაცემასა და 2.0 ჩაჭრას შეადგენდა.
შეგახსენებთ, „ჰიუსტონმა“ 2017-18 წლების რეგულარული სეზონი მოიგო, მაგრამ პლეი ოფში „გოლდენ სტეიტთან“ დამარცხდა დასავლეთ კონფერენციის ფინალში.