„კრემონეზეს“ მწვრთნელი ლოჩოშვილის დისკვალიფიკაციაზე - ლუკას მსგავსად, მეც მძაფრი რეაქცია მქონდა, მაგრამ ნერვები უნდა მოვთოკოთ #1TVSPORT
სერია B-ს ბოლო ტურში „პალერმოსთან“ მომხდარი ინციდენტის გამო „კრემონეზეს“ ქართველი მცველი, ლუკა ლოჩოშვილი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს – ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
„ლუკა ლოჩოშვილი ოთხი მატჩითაა დისკვალიფიკაცირებული. ქართველმა მცველმა „პალერმოსთან“ მატჩის მიწურულს მსაჯის ქმედებებით უკმაყოფილება გამოხატა და გასახდელისკენ მიმავალმა მას მხარი გაჰკრა“, – აღნიშნულია sportmediaset-ის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი კრემონელების მწვრთნელმა, ჯოვანი სტროპამაც გააკეთა:
„ლუკა გულუბრყვილოდ მოიქცა. მოედანზე მომხდარის გამო მეც მძაფრი რეაქცია მქონდა, მაგრამ გასახდელში წავედი და პრობლემები არ შემქმნია. ვწუხვარ, რომ მატჩის მიწურულს ორი აშკარა პენალტი არ დაგვინიშნეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ნერვები უნდა მოვთოკოთ და ნეგატიურ მოვლენებს უკეთ გავუმკლავდეთ“, – განაცხადა სტროპამ.
სერია B-ს მეოთხე ტურში ლუკა ლოჩოშვილისა და დაჩი ლორთქიფანიძის „კრემონეზე“ 31 აგვისტოს „სასუოლოს“ სტუმრად დაუპირისპირდება – შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.