„კრემონეზეს“ მწვრთნელი „ინტერთან“ ლოჩოშვილის თამაშს იმედოვნებს - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ლოჩოშვილი მომჯობინდეს #1TVSPORT
„კრემონეზე“ სერია A-ს მე-4 ტურში 30 აგვისტოს, „ინტერს“ „სან სიროზე“ ესტუმრება. მატჩამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებასთან ერთად, ლუკა ლოჩოშვილის ტრავმაზეც ისაუბრა.
„როგორ არის ლოჩოშვილი? ვნახოთ რა მდგომარეობაში იქნება მატჩამდე. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ლოჩოშვილი მომჯობინდეს და იმედია, ამას შევძლებთ. ეს დილით გვეცოდინება. მაგრამ თუ ზურგის პრობლემა არ მოგვარდა, ხვალ მისი ნახვა გაგვიჭირდება“, – განაცხადა ალვინიმ.
„კრემონეზეს“ მწვრთნელმა მატჩამდე იმედი გამოთქვა, რომ იტალიური ფეხბურთის გრანდს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევენ.
„ეს მატჩი „კრემონეზესთვის“ გამოწვევაა, რომელსაც ვიღებთ. ჩვენ დაგვიპირისპირდება ისეთი საბრძოლო „გემი“, როგორიცაა მილანის „ინტერი“. მაგრამ ამ გუნდთან თამაში შეიძლება. ვფიქრობ, რომ ასეთი მატჩები სიამოვნება უფროა, ვიდრე წვალება“, – ამბობს ალვინი.
შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ ზაფხულში გადავიდა, იტალიის ჩემპიონატში კი სადებიუტო შეხვედრა მე-2 ტურში „რომასთან“ ჩაატარა და გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო.
მაგრამ მატჩის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 24 წლის ქართველ მცველს ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს მეტოქემ ფეხი მოარტყა და „ტორინოსთან“ მე-3 ტურის მატჩი ამიტომ გამოტოვა, თუმცა, სამატჩო განაცხადში მაინც შეიყვანეს.