„კრემონეზემ“ ოფიციალურად დაადასტურა - დაჩი ლორთქიფანიძემ იტალიის სერია B-ს გუნდთან პროფესიული კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
დაჩი ლორთქიფანიძის შესახებ საქართველოს პირველი არხის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაცია დღეს „კრემონეზემ“ ოფიციალურად დაადასტურა – იტალიის სერია B-ს კლუბმა, სადაც ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, 18 წლის ქართველ ნახევარმცველთან პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.
„დაჩი ლორთქიფანიძესთან შეთანხმება მიღწეულია, მან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2027 წლის 30 ივნისამდეა.
2005 წელს დაბადებული ნახევარმცველი ჩვენი ახალგაზრდული გუნდის კაპიტანია, რომელმაც ისტორიულ შედეგს მიაღწია და 2023/24 სეზონში პრიმავერა 1-ში (იტალიის ახალგაზრდული ჩემპიონატი) დაწინაურდა.
ამას გარდა, დაჩი ლორთქიფანიძე ცოტა ხნის წინ მონაწილეობდა პინზოლოში საზაფხულო შეკრებაზე, სადაც მწვრთნელის, ჯოვანი სტროპას ხელმძღვანელობით ემზადებოდა“, – წერია „კრემონეზეს“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.
აღსანიშნავია, რომ „კრემონეზე“ თავისი აღზრდილი ფეხბურთელების დაწინაურებით დიდად არ გამოირჩევა. ბოლოს აკადემიიდან მთავარ გუნდში 34 წლის წინ იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ჯანლუკა ვიალი გადაიყვანეს.