„კრაკოვიას“ მწვრთნელი - კაკაბაძე ჩემს გუნდში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს #1TVSPORT
პოლონურმა გამოცემა sport.interia-მ ოთარ კაკაბაძის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ვარაუდი გამოთქვა, რომ საქართველოს ნაკრების მცველს, რომლის ფანტასტიკური გოლითაც „კრაკოვიამ“ ერთ-ერთი ლიდერი „რაკუვი“ 1:0 დაამარცხა, ახალი მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში დაააწინაურებს, რადგან წარმატებული დებიუტი მისი დამსახურებით ჰქონდა.
გასაოცარი გოლი! მაიდანმა ხელები თავზე შემოირტყა
„კრაკოვიაში“ ოთარ კაკაბაძეს უღიმღამო დებიუტი ჰქონდა ლეჩნას „გურნიკთან“ ივლისის მატჩში, როდესაც მოედანზე შეცვლაზე შევიდა.
„ოთარზე დავდოთ ფსონი. რომ არა ის, ვინ იცის, რა მოხდებოდა. შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაშიც გამოჩნდეს“ – თქვა პასოვის მწვრთნელმა იაცეკ ზელინსკიმ მატჩის შემდეგ, რომელსაც ნდობაზე ქართველმა „რაკუვთან“ გატანილი სეზონის გოლით უპასუხა.
„ცხოვრების“ გოლი
„რა გოლი! მგონია, დღეს სეზონის გოლი ვიხილეთ“, – პოლონეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ რადოსლავ მაიდანმა ტელეკომპანია Canal+Sport-ის პირდაპირ ეთერში მატჩის რეპორტაჟის დროს ემოცია ვერ დამალა.
„არ მახსოვს, რომ ჩვენს ექსტრაკლასში გოლი გაეტანათ ისეთი დარტყმის შემდეგ, რის შემდეგაც ბურთი 119 კმ/სთ სიჩქარით გაფრინდა”, – ამბობს ჟურნალისტი ფილიპ სურმა.
„თავს კარგად ვგრძნობ. ძირითადად იმიტომ, რომ მოვიგეთ, რაც ყოველთვის მთავარია. ჩვენ ამ გამარჯვებას ვიმსახურებდით. ალბათ პირველ ტაიმში „რაკუვი“ ჩვენზე უკეთესად თამაშობდა, მაგრამ მთლიანობაში უკეთ გამოვიყურებოდით. მიხარია, რომ გავიტანე, მაგრამ ჩვენ მეტი გამარჯვება გვჭირდება“, – განაცხადა ოთარ კაკაბაძემ.
მაინც პატივისცემა
„კრაკოვიაში“ მიხალ პრობეჟის მწვრთნელობის დროს მისი საქმეები კარგად არ მიდიოდა, მაგრამ მასზე მაინც არ ბრაზდება. ლეჩნას „გურნიკთან“ დებიუტის შემდეგ, მან ითამაშა 7 წუთი „ლეხიასთან“ (0:3), ერთი ტაიმი „სტალ მიელეცთან“ (3:3) და, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩში გოლი გაიტანა, დარჩენილ ოთხ მატჩში მოედანზე აღარ გამოჩენილა. ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა კრაკოვის „ვისლასთან“ დერბიში (0:1), ორჯერ გაგზავნეს მესამე დივიზიონში, სადაც სარეზერვო გუნდში ორი მატჩი ჩაატარა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ოთარ კაკაბაძე ყოფილი მწვრთნელისადმი პატივისცემას ავლენს.
„პირველ რიგში, მიხალ პრობეჟს თანამშრომლობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. „კრაკოვიაში“ მისი წყალობით მოვხვდი. კმაყოფილი ვარ იმ პერიოდით, რაც ერთად გავატარეთ. ახლა ახალი მწვრთნელი გვყავს და ყველა მოთამაშე გაცილებით მოტივირებულია. იაცეკ ზელინსკიმ პირველივე შეხვედრაში სამი ქულა და გამარჯვება მოგვიტანა. ეს კარგი ნიშანია მომდევნო ოთხი მატჩისთვის, რომელიც ზამთრის შესვენებამდე დაგვრჩა. ახალი ეტაპი კარგად დავიწყეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ“.
სანიოლის ნდობა
საქართველოს ნაკრები იყო მისი მაშველი რგოლი, რადგან ის ბოლო თვეების განმავლობაში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო და 90 წუთი თამაშობდა. მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მას კაპიტნის სამკლაურიც კი მიანდო ბულგარეთის წინააღმდეგ სექტემბრის ამხანაგურ მატჩში (1:4). საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში ესპანეთთან და შვედეთთან დამარცხდა, მაგრამ საერთო ბოლო მატჩში შვედებს შინ 2:0 სძლიეს.
ახალ მწვრთნელს კაკაბაძემ თავი მოაწონა
სხვა საქმეა, რომ „კრაკოვიაში“ თითქმის ხუთი წლის შემდეგ დაბრუნებულმა იაცეკ ზელინსკიმ სამწვრთნელო ალღო გამოავლინა, როდესაც „რაკუვთან“ მატჩის მეორე ტაიმში მოედანზე კაკაბაძე შეიყვანა.
„კაკაბაძის შეყვანა იღბლიანი გამოდგა, მაგრამ ეს ფეხბურთელი თავდაპირველად ჩემს სათამაშო გეგმაში ჯდებოდა. ალბათ თავიდანვე ითამაშებდა, მაგრამ ნაკრებში ორი 90-წუთიანი მატჩის ჩატარება მოუხდა, იმოგზაურა თბილისი – მიუნხენი – კრაკოვის რეისით და საკმაოდ გადაღლილი იყო. დაბრუნების შემდეგ ჩვენთან მხოლოდ სამჯერ ივარჯიშა. ამიტომ ჩვენი გეგმა იყო, რომ მოედანზე უკვე დაღლილი „რაკუვის“ წინააღმდეგ შეგვეშვა. ვფიქრობ, ეს ბიჭი ჩემს გუნდში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, – განაცხადა იაცეკ ზელინსკიმ „ინტერიასთან“ ინტერვიუში.
ერთი რამ უდავოა: ოთარ კაკაბაძემ „თამასა“ საკმაოდ მაღლა აწია და ამავდროულად, ულამაზესი გოლით „კრაკოვიას“ გულშემატკივრების გულიც მოიგო.