კოვტალიუკს „ზორიაში“ იწვევენ - ლუგანსკელებმა მას წინადადებით უკვე მიმართეს
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირს, თავდამსხმელსა და ლეგიონერს, მიკოლა კოვტალიუკს სამშობლოში დაბრუნებას სთავაზობენ. გორის „დილას“ თავდამსხმელს უკრაინის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე ლუგანსკის „ზორია“ იწვევს – 25 წლის ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე უკრაინული ინტერნტ-პორტალი Zaryalg.com იუწყება.
„გორის „დილას“ თავდამსხმელისადმი ინტერესს ლუგანსკის „ზორია“ იჩენს. ქართული გუნდის ეს მოთამაშე მიკოლა კოვტალიუკია, უკრაინული პასპორტის მქონე მოთამაშე. „ზორიამ“ ფეხბურთელს შეთავაზებით უკვე მიმართა“, – წერს Zaryalg.com.
გამოცემა ამტკიცებს, რომ გორელთა თავდამსხმელს სხვა წინადადებებიც გააჩნია: „კოვტალიუკმა 31 დეკემბერს მიიღო თავისუფალი აგენტის სტატუსი და პოტენციური დამსაქმებელი აბსოლუტურად უფასოდ გადაიბირებს. ამავდროულად, თავდამსხმელს აღმოსავლეთ ევროპის კლუბებიდან არაერთი წინადადება აქვს. გასათვალისწინებელია, რომ „დილას“ ფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი საუკეთესო ლეგიონერად დასახელდა. ამავე დროს, სეზონი საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით დაასრულა – 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა (4 პენალტიდან)“.
შეგახსენებთ, რომ „ტრანსფერმარკტმა“ 2020 წლის ბოლოს მიკოლა კოვტალიუკის სატრანსფერო შეფასება გაზარდა – გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ სააგენტომ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირის პირობით ფასად 500 000 ევრო დაასახელა. მანამდე 25 წლის უკრაინელი თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 175 000 ევრო იყო.
შეგახსენებთ, რომ ლუგანსკის „ზორიაში“ „დინამო თბილისის“ ყოფილი ნახევარმცველი დმიტრო ივანისენია გამოდის, რომელიც უკრაინის ნაკრებში მიიწვიეს, ხოლო დეკემბერში უკრაინის პრემიერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში გულშემატკივართა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (68%) საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.