კოსოვოსთან ჩაკვეტაძეც გამოგვაკლდა - მიზეზი მწვავე ინფექციის ნიშნებია #1TVSPORT
ვილი სანიოლის გუნდი პრიშტინაში დღეს ჩავიდა და მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ძლიერი წვიმის ფონზე ერთი საათი გაგრძელდა.
პრიშტინაში ჩვენი გუნდი 21 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. საქართველოს ნაკრებს კოსოვოს წინააღმდეგ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ფეხბურთელმა გუნდთან ერთად გამგზავრება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნების გამო ვერ შეძლო.
ეს ნაკრებისთვის პირველი დანაკლისი არაა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო კოსოვოს წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია ვერ დაეხმარებიან. საბერძნეთთან მიღებული დაზიანების გამო, საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს ასევე გიორგი მიქაუტაძე გამოტოვებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კოსოვოს წინააღმდეგ
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
დაცვა: გოგა ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი (ორივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)
ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ლადო მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)
თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)
კოსოვოსა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.