კოსოვოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება. ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, აგიმ ადემი კი ნაკრების გასაძლიერებლად არაფერს იშურებს.
ახლახანს, ადემი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა, ბოლოს კი გერმანიას ესტუმრა.
„გერმანიაში ადემს ძალიან პოზიტიური და საინტერესო შეხვედრა ჰქონდა ალბანეთ-გერმანიის ბიზნესკავშირის წარმომადგენლებთან, სადაც თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. მერე კიდევ ერთი მოლაპარაკება ამ კავშირის პრეზიდენტთან, ბატონთან. ნაზმი ვიკასთან გაიმართა, რომელსაც კავშირის პრეზიდიუმის წევრები, ზენუნ კრასნიკი და რემო რაშიცა ესწრებოდნენ. განხილვის მთავარი თემა იყო თანამშრომლობის შესაძლებლობა, რომლის მიზანი კოსოვოური ფეხბურთის დახმარება და კოსოვოში ფეხბურთის განვითარების საუკეთესო პირობების შექმნაა“, – წერია კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.
როგორც გაირკვა, ალბანეთ-გერმანიის ბიზნეს კავშირის წარმომადგენლები კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელების მოძებნაშიც დაეხმარებიან: „ალბანეთ-გერმანიის ბიზნესკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გულწრფელი მადლობა გადაუხადეს პრეზიდენტ ადემს ვიზიტისთვის და კოსოვოს ფეხბურთის მხარდაჭერა აღუთქვეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ამ კავშირის ვალდებულება მისი მანდატის მეშვეობით, რომ დაეხმაროს კოსოვოს ეროვნულ ნაკრებს იმ კოსოვოელი ფეხბურთელების მოძებნაში, რომლებიც გერმანიაში იმყოფებიან. მანამდე კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ და ალბანეთ-გერმანიის ბიზნესკავშირმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელის განხორციელება მომავალ წელს დაიწყება“.