კორონავირუსის პანდემიისას დაწესებული ჯარიმების გადახედვასთან დაკავშირებით, პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს
კორონავირუსის პანდემიისას დაწესებული ჯარიმების გადახედვასთან დაკავშირებით, პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს

პარლამენტს მომავალ კვირაში კანონპროექტი წარედგინება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში მოქმედი წესების ადმინისტრირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებებს ითვალისწინებს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ახალი ინიციატივის მიხედვით, კორონავირუსთან დაკავშირებული ჯარიმების ოდენობა გონივრული და საზოგადოების ფინანსური შესაძლებლობების პროპორციული იქნება.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, იურიდიულ კომიტეტში საკითხთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ერთი მხრივ, ჩვენ არ უნდა დავწიოთ მოტივაცია იმ ძალიან კარგი მექანიზმის, რასაც ჰქვია ჯარიმები, რადგან საგანგებო მდგომარეობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეფექტური იყოს ჯარიმების არსებობა; მეორე მხრივ, საზოგადოებაში არსებულ სოციალურ ფონს ვითვალისწინებთ და ერთგვარად, დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებთ. იურიდიულ კომიტეტში არის კონსულტაციები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ დღეს არსებული ჯარიმები შესაძლოა, ჩაითვალოს უფრო დიდ ჯარიმებად, ვიდრე ეს შესაძლებელია, იყოს. ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვექნება კონსულტაციები. ჯარიმა უნდა იყოს ადეკვატური და პროპორციული იმ შესაძლებლობების, რაც აქვს ჩვენს საზოგადოებას. უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება საკანონმდებლო ინიციატივა ამ ჯარიმების გადახედვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.