კორღალიძე „ლოკომოტივთან“ მოგებამ ორმაგად გაახარა - გოჩოლეიშვილმა ეროვნულ ლიგაში პირველად გაიტანა
17:18, 02.03.2021
„საბურთალომ“ ეროვნული ლიგს გათამაშება მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო – ლევან კორღალიძის გაწვრთნილები პირველ ტურში „მიხეილ მესხი-არენაზე“ თბილისური დერბიში „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდნენ და 2:0 გაიმარჯვეს.
„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ მისთვის ეს უმნიშვნელოვანესი მოგება იყო.
„რთული თამაში გამოდგა, არც ველოდი იოლ შეხვედრას. პირველი ტურია და მხოლოდ „საბურთალო” არა, სხვა გუნდებიც ვერ იქნებიან ოპტიმალურ ფორმაში. შედეგით კმაყოფილი ვარ, დამსახურებულად მოვიპოვეთ სამი ქულა. მოგება ყოველთვის სასიხარულოა, თუმცა ამ მოგებით ორმაგად გახარებული ვარ. ახლა მორიგი მატჩისთვის მოვემზადებით. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ მინდორზე, დანარჩენს კი დრო აჩვენებს. კარგია, რომ სტარტი წარმატებული გამოგვივიდა და სასიამოვნო ტრადიცია გრძელდება – „საბურთალო” უძლიერესთა რიგებში მეშვიდე სეზონს ატარებს და ყველა სადებიუტო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა“, – ამბობს ლევან კორღალიძე.
კომენტარი გააკეთა „საბურთალოს“ ახალგაზრდა შემტევმა გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელმაც მეორე და გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
„ძალიან რთული და დაძაბული მატჩი გამოდგა. დიდი ბრძოლა იყო, გამარჯვება ორივეს გვსურდა, მაგრამ კარგია, რომ სამი ქულა ჩვენ დაგვრჩა. მიხარია, რომ ამ წარმატებაში ჩემი პატარა წვლილიც შევიტანე. „ლოკომოტივთან” ჩემს კარიერაში ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი გავიტანე და ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. „საბურთალოში” დიდი კონკურენციაა, დიდი შრომა დამჭირდება, რომ ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი, თუმცა საბრძოლველად მზად ვარ. „საბურთალოში” 2010 წელს მოვედი და მას შემდეგ ამ კლუბის ღირსებას ვიცავ, ყველა ეტაპი გავიარე, ყველა ასაკობრივ გუნდში ვითამაშე და ახლა კი მთავარ გუნდში ვარ. მადლობა „საბურთალოს” ყველა მწვრთნელს, ვისი ხელმძღვანელობითაც მითამაშია. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ”.